კოლეჯის მოკლე ისტორია
სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა დაბალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც 1930 წლის ოქტომბერში გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1966 წლიდან-საყრდენ-საჩვენებელ და საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1993 წელს-აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯად, 2007 წელს-პროფესიული სწავლების ცენტრად.
არსებობის ცხრა ათეულზე მეტი წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და ნაყოფიერი გზა განვლო. წარმატებას განაპირობებდა მცოდნე, ენთუზიასტი მასწავლებლებისაგან შემდგარი კოლექტივი. შრომის ბაზარზე სასწავლებლის კურსდამთავრებულები ყოველთვის კონკურენტუნარიანები იყვნენ და ტოლს არ უდებდნენ უმაღლესი განათლების მქონეთ. სასწავლებელში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ დღეს უკვე კარგად ცნობილი მეცნიერები, სპორტსმენები, სამეურნეო დარგის მუშაკები.
სააღმზრდელო მუშაობის პარალელურად სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები ყალიბდებოდა მოლდავეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, ბულგარეთის სასწავლებლებთან.
1934 წლიდან ხუთი ათეული წლის მანძილზე დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს სათავეში ედგა პოლიკარპე მიქაძე, რომელმაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება შეალია ახალგაზრდების აღზრდას და სასწავლებლის აღმშენებლობას.
თავისი არსებობის მანძილზე ტექნიკუმის ათმა მასწავლებელმა მიიღო რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. 28 მასწავლებელმა გაიარა ერთი და ორწლიანი პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ქ. მოსკოვში.
საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებების ფარგლებში კოლეჯის დირექტორი ნ. მიქაძე კოლეჯის რამდენიმე პედაგოგთან და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად აგრარულ განათლებაში მოწინავე გამოცდელების გაზიარების მიზნით იმყოფებოდა ინგლისში, მიულტონის კოლეჯში და გერმანიაში ტრისდორფის უნივერსიტეტში. კოლეჯის კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ გამგზავრებულიყვნენ გერმანიაში ფერმერულ მეურნეობაში სტაჟირების გასავლელად.
სასწავლებლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა სპორტი. აქ აღიზარდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ჯიბილო ნიჟარაძე. ლელოში 14 გზის საქართველოს ჩემპიონობა, რესპუბლიკურ სპარტაკიადებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მრავალგზის გამარჯვება-ეს სახელოვანი წარსულია.
ბოლო ათწლეულის მანძილზე სასწავლებლის, რაიონის და რეგიონის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს საქართველოს ათგზის ჩემპიონი, ევროპის კონფედერაციის თასის გათამაშების ორგზის მონაწილე, სომხეთში ორ საერთშორისო ტურნირში გამარჯვებული ფრენბურთელ ქალთა გუნდი „ჯიკო“. ,,ჯიკომ" პირველი ლედის სანდრა რულოვსის სახელობის თასი ზედიზედ სამჯერ და სამუდამოდ მოიპოვა.
2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 18 ერთეულით შეამცირა (მ.შ. იმერეთის რეგიონში ხუთიდან ოთხი) პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა.
2010 წლის სექტემბრიდან დიდი ჯიხაიშის პროფესიული სწავლების ცენტრი, სადაც 400-მდე სტუდენტი სწავლობდა, გააუქმეს. ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო თანამედროვე ტექნიკითა და საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი და გადაეცა სოფლის მეურნეობის კორპორაციას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბატონ არჩილ ფრანგიშვილისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის N 10/09/16 განკარგულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა ლიკვიდირებული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავის სტრუქტურაში დააფუძნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.
2013 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში „უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“,საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შორის 2013 წლის 10 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სტუ-ს დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში ტრაქტორისტ-მემანქანის გადამზადების კურსები გაიარა 146 მსმენელმა. აღსანიშნავია, რომ სტუ-ს დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ბაზაზე მომზადებული მსმენელების მიერ მართვის მოწმობის მიღების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის N 1471 დადგენილების საფუძველზე დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი გამოეყო სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანთმშენებლობის ფაკულტეტს და გადავიდა სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტრუქტურაში.